სასწავლო ვიზიტი პოლონეთში
დასრულდა სასწავლო ვიზიტი პოლონეთში პროექტის ,,დაცული ტერიტორიები როგორც შესაძლებლობა ადგილობრივი მეწარმეობისთვის“ – ფარგლებში, რომელიც გრძელდებოდა 2025 წლის 8 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ადგილობრივი მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების მიმდებარე თემების მხარდაჭერის გზით.
სასწავლო ვიზიტი, რომელიც ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იყო, ძირითადად ეხებოდა ორ მიმართულებას: ტურიზმის განვითარებას დაცულ ტერიტორიებზე დაფუძნებით და ადგილობრივი პროდუქტის შექმნას და პოპულარიზაციას (მათ შორის ხარისხის ნიშნის მინიჭების სისტემას).
ჩვენმა მონაწილეებმა დიდი გამოცდილება შეიძინეს. ვიზიტის ფარგლებში ისინი ესწრებოდნენ ქვემო სილეზიაში, ინტენსიურ სასწავლო-სემინარულ პროგრამას, რომელიც სპეციალურად დაგეგმილი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩართულია ადგილობრივი მეწარმეობის, სოციალური აქტივობებისა და ადგილობრივი პროდუქტის განვითარებაში.
მათ აგრეთვე მოინახულეს შთამაგონებელი ადგილები, შევხვდნენ პრაქტიკოსებსა და ლიდერებს, რომლებიც ყოველდღიურად მოქმედებენ თავიანთ თემებში და ქმნიან შეთავაზების ინიციატივებს ადგილობრივ რესურსებზე – ბუნებაზე, ტრადიციებზე და მოსახლეობის აქტიურობაზე დაფუძნებით.
ამავდროულად, მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვიზიტის მონაწილეები სამომავლოდ იმუშავებენ (ჩაატარებენ შეხვედრებს მაჭახელას ხეობის სოფლებში მოსახლეობასთან) ადგილობრივი ბრენდის ფუნქციონირების წესებსა და სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.