ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად

ავტორი:ოთარ ცინარიძე

ბუნებაში ადამიანის ზედმეტმა ჩარევამ სტიქიური პროცესები ყველგან გაააქტიურა. გამონაკლისი არც აჭარის მთიანეთია. შავშეთის, მესხეთის ქედების კალთებზე შეფენილი მაღალმთიანეთი დეპრესიული ხდება.წლებია მეწყერი საცხოვრისს უშლის თხილვანის,ჯალაბაშვილების, ღორჯომის, დანისპარაულის,წაბლანის, ჯაბნიძეების, ცინარეთის, ახოს, ვაშლოვანის, რაქვთის, ფუშრუკაულის მკვიდრთ

ქედის, შუახევისა და ხულოს 200-ზე მეტი სოფლიდან 70 პროცენტი დეპრესიულია. ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გაუთვლელი და გაუთვალისწინებელი მოხმარების გამო ტყის მასივები ნადგურდება, ფერდობები ხრიოკდება.

ადგილობრივი მოსახლეობა საშენ და სათბობ მასალად ტყის რესურსებს იყენებს. ამიტომაც წარსულის კუთვნილება გახდა ლელოვანის, ბალვანას, ნეგოიანის, ნაბახტრევის, ჭინჭაოს, კიკიბოს, ღომას, გომანის გაუვალი ტყეები. იმძლავრა ქარმა და ზვავმა. გასული საუკუნის 50 წლებიდან მოყოლებული ღურტაში, წაბლანაში, ოლადაურში, ქიძინიძეებში, გობრონეთში, ახოში, აბუქეთაში, სხალთაში, ვაშლოვანში ზვავმა და მეწყერმა 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

ნატანმა იმატა მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ხეობებში. დროული ოპერატიული ქმედებებით მსხვერპლი არ მოჰყოლია 1998 წლის მარტში სკვანიდან ჩამოწოლილ მეწყერს. სამაგიეროდ, მატერიალური ზარალი იყო დიდი. 27 საცხოვრებელი სახლი მიწამ შთანთქა ქონებიან-პირუტყვიანად. მეწყრულმა პროცესებმა დაშალა დანისპარაულის სკოლის კაპიტალური შენობა. ექსპლოატაციისთვის უვარგისია აგარის სკოლის კაპიტალური შენობა. ზვავმა კედლები შეუნგრია მთისუბნის სკოლის ხის შენობას.

აჭარის მთიანეთში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებაზე საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციები ზრუნავენ. სამი წელია ევროკავშირი, ბრიტანული ფირმა ,,ოქსფამი”, ,,შავი ზღვის ეკოაკადემია” ქვეყნისა და აჭარის გარემოსდაცვით სამსახურებთან, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმედით ღონისძიებებს ატარებენ მოსალოდნელი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. მათ საქმეში საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებიც ჩართეს. მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ქვეყნის მასშტაბით პირველად აჭარის მთიანეთში ლობისტების ინსტიტუტი ჩამოყალიბდა.

სამ წელიწადში ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” დირექტორის ეკა ხვედელიძის, კოორდინატორის გულნაზ სურმანიძის აქტიურობით 185 ათას ლარზე მეტი მოხმარდა ქედის – 14, შუახევის – 7 და ხულოს – 10 სოფელში ღვარცოფის საწინააღმდეგო არხების, გვალვისა და ხანძარსაწინააღმდეგო წყლის რეზერვუარების, სარწყავი არხების, სასმელი წყლის, წვეთოვანი მორწყვის სისტემების მოწყობას. მათი აქტიურობით ხეები გაშენდა მერისის ხეობაში, წონიარისში, ცხმორისში. სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემოკავდა სოფლების წყალსადენების სათავეები.

სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს კოორდინატორის როსტომ გაბისონიას დამსახურებაა, რომ აჭარის მთიანეთის მოსახლეობამ თავის სამსახურში ჩააყენა მზის, წყლის ენერგია. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულში რამდენიმე ოჯახში მზის გამათბობლები დაამონტაჟეს. სააგენტომ მოსახლეობას შესთავაზა დანადგარები, რომლებითაც ადგილობრივი გამოუყენებული ნარჩენების ბაზაზე შესაძლებელია საწვავის (დიზელი) და სათბობის (ბრიკეტი) მიღება. ხარაულაში მათი გამოყენებაც ისწავლეს. დონორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობით გაიზარდა მოსახლეობის ინფორმიაციულობა არსებული ბუნებრივი რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე, მათი სხვა რესურსით ჩანაცვლებაზე.

,,ოქსფამის”, ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის”, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს ჰუმანიტარული პროგრამების ოფიცრები, კოორდინატორები, მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის მთიანეთის მუნიციპალიტეტების პილოტირებულ სოფლებს ხშირად სტუმრობენ, იმართება სემინარები, მომზადდა რისკის ჯგუფი, რომელიც აქტიურად ერთვება სტიქიურ პროცესებში. მათ აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ხანძარი გააუვნებელყვეს დაბა შუახევის, ღორჯომის ხეობის, სოფელ კობალთის, დოლოგნის ტერიტორიებზე.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში თოვლის ზვავმა საცხოვრებელი სახლი ჩაიყოლა. ნანგრევებში მოჰყვა ოჯახის უფროსი ოთარ ცენტერაძე. ბარათაულის თემში მომზადებული ჯგუფი ზურაბ ქათამაძის ხელმძღვანელობით შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა. დაზარალებულ ოჯახს დახმარება აღმოუჩინეს.

დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივი ქმედებით სამაშველო ჯგუფები, ლობისტები, კოორდინატორები კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით მომარაგდნენ. მუნიციპალიტეტების ცენტრების გარდა აპლიკანტთა სწავლებები გაიმართა გობრონეთში, გომარდულში, დიდაჭარაში, ნიგაზეულში. რისკ-ჯგუფების საცდელ-საწვრთნელი მეცადინეობები მოეწყო ელელიძეებში, გორხანაულში, ზენდიდში.

აჭარის მთიანეთში დაგროვილ გამოცდილებას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების თაობაზე ახლა ზემო და ქვემო სვანეთში, მთათუშეთში, ბორჯომის ხეობაში ნერგავენ.

- მოსახლეობის ჩართულობა, საგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა აქტიურობა, რაც აჭარის მთიანეთშია, მისაბაძია. ყველაფერი საზოგადოებრივ საწყისებზე გაკეთდა. 2014 წლის იანვრიდან ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების” მესამე ეტაპი იწყება, – გვითხრა ,,ოქსფამის” ჰუმანიტარული პროგრამების ოფიცერმა გიორგი დათუსანმა.

ევროკავშირი, ,,ოქსფამი”, ,,შავი ზღვის ეკოაკადემია”, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, 2014 წლისთვის იჭერს თადარიგს. ამ მიზნით ქალაქ ბათუმში შეკრება გამართეს, რომელზეც საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურების, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოების წარმომადგენლები, ლობისტები მიიწვიეს და პროგრამის მესამე ეტაპის სამუშაოები განიხილეს.

შეკრების მონაწილეებს უჩვენეს ფილმი ,,ცხოვრება საფრთხის ქვეშ”.

- დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა ისეთი ერთობლიობა, როგორიც აჭარის მთიანეთშია, იშვიათია, – გვითხრა ეკა ხვედელიძემ. – ჩვენი გამოცდილების შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ყველა სოფელს ხანძარსაწინააღმდეგო წყლის რეზერვუარები შეუძინა. უკვე დამამთავრებელ ფაზაშია ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” პრიორიტეტები. რამდენიმე სოფელში ჩვენი დაწყებული საქმეები განავრცეს. სამაგალითოდ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ოლადაური გამოდგება. აქ წყალსადენის სათავე ნაგებობა, სანიაღვრე არხი გააკეთეს. ევროკავშირი და ,,შავი ზღვის ეკოაკადემია” თანამშრომლობას 2014 წელსაც გავაგრძელებთ, მაგრამ აქედანვე უნდა ვიზრუნოთ, რომ ადგილზე გამოინახოს თანხები ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად.

დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება ჩვენთან საუბარში ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ თავართქილაძემ:

- ახლანდელი მოწვევის საკრებულოს წევრებსა და ,,ოქსფამის”, ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის”, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და მასში მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო. მისასალმებელია, რომ 2014 წლიდან სამუშაოთა მესამე ეტაპი იწყება. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ მოსალოდნელი კატასტროფების ნაწილობრივ აცილებას მაინც, მსხვერპლიც აღარ იქნება.