ბუნებრივი კატასტროფები რომ ავიცილოთ

მსოფლიო ბუნებრივი კატასტროფების წინაშე დგას. გამონაკლისი არც საქართველოა. რამდენიმე დღის წინათ სტიქიამ ისევ შეგვახსენა თავი აჭარაში.

გაერო, სხვა საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ და მასშტაბურ სამუშაოებს ეწევიან ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილებისა და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. შემთხვევითი არ იყო, რომ გაერომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების დღე დააწესა.

13 ოქტომბერი საქართველოშიც აღინიშნება. ევროკომისიის, ბრიტანული ფირმა ,,ოქსფამის” ხელმძღვანელები, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” ხელშეწყობით, პროექტს – ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება თანამონაწილეობითი მეთოდიკის გამოყენებით” ახორციელებენ.

დონორმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად მოზარდი თაობის ცნობიერების ამაღლებაზეც დაიწყეს ზრუნვა.

პარტნიორი ორგანიზაციის ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” მენეჯერმა გულო სურმანიძემ პროექტში ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელობაც ჩართო. ამ მიზნით სპეციალურად მომზადდა საბავშვო სპექტაკლი, რომელიც ამ დღეს ხულოს საჯარო სკოლების უმცროსკლასელებს უჩვენეს.

სპექტაკლის შემდეგ 150-მდე მოზარდს ბროშურები, პლაკატები დაურიგდათ.

თეატრის ფოიეში ამ დღის აღსანიშნავად გამოფენა – ,,ნორჩი მხატვრების თვალით დანახული ბუნებრივი კატასტროფები” მოეწყო. ნახატების ავტორები ხულოს სამხატვრო სასწავლებლის აღსაზრდელები იყვნენ.

- ამ დადგმას მალე შუახეველი და ქედელი მოზარდებიც ნახავენ. სპექტაკლს ჩვენი დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ, – გვითხრა პროექტის კოორდინატორმა გულო სურმანიძემ.