რისკის შესამცირებლად

,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება თანამონაწილეობითი მეთოდიკის გამოყენებით აჭარაში” – ეს პროექტი ევროკომისიისა და ,,ოქსფამ-დიდი ბრიტანეთის” დონორობით, ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტის არეალი აჭარის მთიანეთის 31 სოფელს მოიცავს, აქედან ქედაში – 14-ს, შუახევში – 7-ს და ხულოში – 10-ს.

2010-2011 წლებში პროექტი 22 სოფელში დაიწყო. სამივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა საგანგებო სიტუაციების რეაგირების ჯგუფები. მათთან ტარდებოდა ტრენინგები. ჯგუფებს შეუძინეს ავეჯი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიზარდა მოსახლეობის ჩართულობა. სპეციალური კითხვების გამოყენებით მონაწილეთა ცოდნა შეაფასეს.

საინიციატივო ჯგუფებმა ბუნებრივი კატასტროფების შემცირების მცირე საგრანტო პროექტები მოამზადეს. მათგან ,,შავი ზღვის ეკოაკადემიამ” 2 პროექტი დააფინანსა.

მუნიციპალიტეტებში შექმნილია მოხალისე მაშველთა ბრიგადები. მუნიციპალიტეტის საპილოტე სოფლებში სკოლები სახანძრო დაფებით აღიჭურვა. აქვთ საევაკუაციო გეგმები. სკოლებში ტრენინგები კვალიფიციურმა ტრენერებმა ჩაატარეს.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს თეატრალური წარმოდგენა აჩვენეს. სპექტაკლი ხულოს თეატრმა დადგა, რომელიც ,,შავი ზღვის ეკოაკადემიამ” დააფინანსა.

სადღეისოდ მუნიციპალიტეტებში გაიზრდება საგანგებო სიტუაციების რეაგირების ჯგუფის ჩართულობა კოორდინაციის საკითხებში.

- ჩვენი მიზანია აჭარის მთიანეთის მოსახლეობას ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად ხელი შევაშველოთ, – გვითხრა პროგრამის მთავარმა კოორდინატორმა გულნაზ სურმანიძემ.