სტიქიური უბედურების რისკის შესამცირებლად

ავტორი: ოთარ ცინარიძე
საერთაშორისო ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,ოქსფამი”, ევროკომისიის ჰუმანიტარული ოფისი ,,ექო”, პარტნიორი ორგანიზაცია ,,შავი ზღვის ეკოაკადემია” ,საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, აჭარის მთავრობა, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტები მთიანეთში სტიქიური უბედურებების რისკის შემცირების ღონისძიებებზე მუშაობენ

დონორ და თანადამფინანსებელ ორგანიზაციებთან ერთად, პროექტში ჩართულნი არიან ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები”, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო. აჭარის მთიანეთში მათ უკვე 31 სოფელი მოიცვეს. პირველ ეტაპზე N7 ათასი, ხოლო მეორე ეტაპზე 128,3 ათასი ლარია მობილიზებული.

პროგრამაში ჩართული არიან ადგილობრივი ჯგუფები, რომლებიც სამი წელია გადამზადებას გადიან. პროექტის საპილოტე სოფლებს შორისაა ქედის რაიონის შორეული სოფელი ხარაულა. დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განხორციელებული სამუშაოები სწორედ ამ სოფელში წარადგინეს.

ხარაულას საჯარო სკოლაში შეკრებილთ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ ,,ოქსფამის” ჰუმანიტარული პროგრამის ოფიცერი გიორგი დათუსანი, ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” მენეჯერი გულნაზ სურმანიძე, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს დირექტორი როსტომ გაბისონია. მათი თქმით, აჭარის მთიანეთი კვლავ რჩება სტიქიური უბედურებების რისკის ზონად.

კატასტროფების რისკის შემცირება მხოლოდ ცალკეული ადამიანების მზადყოფნას არ ითვალისწინებს. ,,ოქსფამისა” და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობით აჭარის მთიანეთის სოფლებში მოამზადეს სამაშველო ჯგუფები. მათ 63 პროფესიონალი ხელმძღვანელობს.

31 სოფლის რამდენიმე ოჯახში დაიდგა მზის გამაცხელებლები, სასმელი წყლის მზის დისტილატორი, მცირე ზომის ბიოგაზის დანადგარი, წვეთოვანი საირიგაციო სისტემა, გაკეთდა მშრალი ეკოტუალეტი, სასმელი წყლის რეზერვუარები, ხილისა და ბოსტნეულის საშრობები. ხარაულას მსგავსად საპილოტე სოფლებია ჩანჩხალო, გომარდული, ნიგაზეული, დიდაჭარა.

ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივმა მოხმარებამ განსაკუთრებით აჭარის მთიანეთის ტყეები დააზარალა. სოფლად თემთა განვითარების სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობას დანადგარებს სთავაზობს, რომლის საშუალებითაც წიწვის, ფიჩხის, ფოთლის, ხმელი გვიმრის (ეწერი), სარეველა მცენარეების ნარჩენებით შესაძლებელია საწვავი აირის და დიზელის მიღება.

პროექტის მონაწილეებმა განხორციელებული მცირე პროექტები მოინახულეს.

- ,,ოქსფამი” საქართველოში ათ წელზე მეტია მუშაობს. ჩვენ რამდენიმე სექტორში ვართ ჩართულნი, ესენია: სოფლის მეურნეობა, ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვის პროექტი და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უფლებები. აჭარის მთიანეთში 2,5 წელია ვმუშაობთ. ვფიქრობთ, პროექტი წარმატებულია და მას გაგრძელებაც ექნება. დღევანდელი წარდგენა ძალზე მნიშვნელოვანი იყო. გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, – გვითხრა ,,ოქსფამის” წარმომადგენელმა საქართველოში ქეთევან გეთიაშვილმა.