

„გოდერძის მეგობრები“ - ახალი სამოქალაქო ინიციატივა
ქართველი ბუნებისდამცველები გოდერძის უღელტეხილის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად გაერთიანდნენ.
„გოდერძის მეგობრები“ ასე ჰქვია ახალ სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც 24 თებერვალს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით 16 ორგანიზაციამ წამოიწყო.
„შავი ზღვის ეკო აკადემია“-ს, „მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“-ს, გარემოსდაცვითი ასოციაცია „ფსოვი“-ს, შპს „ჯეოგრაფიკ თრეველ ჯორჯია“-ს, შპს „ეკო ტურსი ჯორჯია“-ს, შპს „ეკო ფილმს“-ის, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“-ს (CENN), „საქართველოს ბოტანიკური საზოგადოება“-ს, ასოციაცია „ფლორა და ფაუნა“-ს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს, ასოციაცია ,,მწვანე ზრდა“-ს, ,,გარემო და განვითარება“-ს პროგრამების მენეჯერს, ,,კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს აღმასრულებელ დირექტორს, „საქართველოს ბოტანიკური საზოგადოება“-ს პრეზიდენტის და „ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი“-ს (IUCN) წარმომადგენლის კავკასიაში, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ასოციაცია “მთა-ბარი”-ს და „მწვანე ნაბიჯი“-ს, წარმომადგენლებს სურთ ჩაერთონ გოდერძის უღელტეხილის განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესში, მიიღონ მონაწილეობა განხილვებში და წარმოადგინონ საექსპერტო დასკვნები.
„ჩვენ ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომლებიც გოდერძის უღელტეხილის ინფრასტრუქტურული განვითარების პარალელურად, შესაძლოა დაემუქროს აჭარის რეგიონის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, გოდერძის უღელტეხილის ბუნებრივ ჰაბიტატებს, მისი კულტურული მემკვიდრეობის და ველური ბუნების მიმზიდველობას. ჩვენ ვთანხმდებით, რომ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უნდა გახდეს დისკუსიის და შეფასების თემა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რათა დავიცვათ მისი უნიკალური ბიომრავალფეროვნება ქაოტური, არამდგრადი და ზიანის მიმყენებელი განვითარებისგან,“ - ნათქვამია მემორანდუმში.
გოდერძის უღელტეხილს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რაც დაკავშირებულია ამ ტერიტორიის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასთან. ქართველი გარემოსდამცველები ჯერ კიდევ 2021 წლის აგვისტოში გამოეხმაურნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ „კურორტ „გოდერძის“ მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის“ სკოპინგის განცხადებას და ხელისუფლებას ჩართულობა, თანამშრომლობა და ექსპერტული დახმარება შესთავაზეს.
Copyright © 2022,
Theme Originally Created by Devsaran