სასწავლო ტური პოლონეთში
პოლონეთში სასწავლო ტურით იმყოფებოდნენ მაჭახელას ხეობის საინიციატივო ჯგუფის წევრები, ფერმერები და მაჭახელას ეროვნული პარკის წარმომადგენლები. ტური ორგანიზებული იყო ასოციცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ მიერ, ხოლო მასპინძლობდა პოლონური ორგანიზაცია „ეკო განვითარების ფონდი“.
ვიზიტის მიზანი იყო პოლონეთში ეკო და აგროტურიზმის განვითარების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
ჯგუფის წევრები შეხვდნენ ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალთა სამმართველოს წარმომადგენლებს, ბარიჩის დაბლობის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებს, ადგილობრივ ფერმერებს, მეწარმეებს, ქალაქ შკლიარსკა პორემბაში კარკონოშის ეროვნულ პარკის ადმინისტრაციის და ქალაქ ვროცლავსის ეკო ცენტრის თანამშრომლებს. მიიღეს ცოდნა ეკო და აგროტურიზმის სერვისების მომზადებისა და მიწოდების შესახებ. დამხვდურმა მხარემ ჯგუფის წევრებს უამბეს თავიანთი გამოცდილების შესახებ. ასევე, მოინახულეს ქალაქ პშემკუვის თაფლისა და ღვინის ფესტივალი, კარკონოშის ეროვნული პარკის ტურისტული ბილიკები და ბარიჩის დაბლობი თავის წყალსაცავებით და ფრინველებზე დაკვირვების ადგილებით.
ტურის ორგანიზება განხორციელდა პროექტის „ტურიზმი აჭარაში - აჭარის ა.რ. რეგიონული განვითარების სტრატეგიის ელემენტების გახორციელება ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის საშუალებით“ ფარგლებში.
პროექტის თანადამფინანსებელია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სასწავლო ტური მიმდინარეობდა 2018 წლის 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით.